Accessibility links

logo-print

იოჰანეს ჰანი: საქართველო იმსახურებს სწრაფ გადაწყვეტილებას ვიზების ლიბერალიზაციის მისაღებად


ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ საქართველო იმსახურებს სწრაფ გადაწყვეტილებას მისი მოქალაქეების გამართლებული მოლოდინის შესასრულებლად - სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე ევროკავშირის დასათანხმებლად. ამის შესახებ ევროკომისარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. იქვე ის აღნიშნავს, რომ საქართველომ შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. ამ თემაზე იოჰანეს ჰანი 9 ივნისს ბრიუსელში ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. 9 ივნისს უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის - ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის - საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ძალისხმევა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად და ევროკავშირმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება: დათანხმდეს საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციაზე. ამის შესახებ ნათქვამია წერილობით მიმართვაში, რომელიც 9 ივნისს გაუგზავნეს მოგერინის, აგრეთვე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრს და ნიდერლანდის მიგრაციის საკითხების მინისტრს ზემოხსენებული ხუთი ქვეყნის მინისტრებმა. ისინი გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება 10 ივნისს, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG