Accessibility links

logo-print

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის გარშემო დავაზე


თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ დასრულდა. სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შარშან ნოემბერში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2“-ის წილის 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადაეცა. პირველმა ინსტანციამ ბათილად ცნო 2005-2006 წლების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის წილი დათმო. „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები, ნინო ნიჟარაძე, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტი“ ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას, რაც არ დააკმაყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამწევრიანმა კოლეგიამ. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ. მან მხარეებს განუმარტა, რომ სასამართლოს შეფასებები აისახება განჩინების დასაბუთებულ ნაწილში, რომლის მიღებიდან 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კანონის თანახმად, სასამართლოს განჩინების დასაბუთებული ნაწილი მხარეებმა უნდა მიიღონ არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთებული ნაწილის მიღების შემდეგ, გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. „წინასწარ იყო ცნობილი, რომ სწორედ ამ შემადგენლობას უნდა მიეღო სწორედ ასეთი გადაწყვეტილება“ - განუცხადა ჟურნალისტებს თამთა მურადაშვილმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განჩინებას სწორი და სამართლიანი უწოდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. „პირველი ინსტანციის არსებითად სწორი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ჩვენ არგუმენტებს და ჩვენი პოზიცია დავიცავით სააპელაციო სასამართლოშიც“ - განაცხადა ადვოკატმა პაატა სალიამ.

XS
SM
MD
LG