Accessibility links

თინა ხიდაშელი „აბსურდულს“ უწოდებს დისკუსიას პოლონეთში მიმდინარე სამხედრო სწავლების ირგვლივ


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი „აბსურდულს“ და „რუსეთის პროპაგანდის სცენარით“ მიმდინარეს უწოდებს დისკუსიას იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რომელთა გამოც საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულმა ვერ მიიღო მონაწილეობა პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში, "ANAKONDA-16"-ში. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც პარასკევს საღამოს გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ. ხიდაშელის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიწვეული იყო სწავლებაზე ამერიკული ბატალიონის ფარგლებში, მაგრამ გამგზავრებამდე 24 საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ასეულის ორ სამხედრო მოსამსახურეს ვირუსული ინფექცია „ჩუტყვავილა“ ჰქონდა. რახან „ჩუტყვავილა“ ადვილად ვრცელდება, სამედიცინო კონსილიუმმა დაასკვნა, რომ „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ იქნებოდა პოლონეთში ამ ასეულის გაგზავნა. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „აბსოლუტური ტყუილი, სისულელე და რუსული პროპაგანდის მორიგი შედევრიაე, ისეთ მიზეზებზე საუბარი, როგორიც არის სწავლებაზე "ქართველების არ დაშვება, ან რჩევა ქართველებისთვის არ მიეღოთ მონაწილეობა". თავდაცვის მინისტრი ყველას, განსაკუთრებით მედიას, მოუწოდებს, ნუ შექმნის „პრობლემას იქ, სადაც ის არ არსებობს“. იქვეა დასახელებული რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც ხიდაშელი „გაუგებარს“ უწოდებს. რადიო თავისუფლების რუსულმა რედაქციამ გამოქვეყნების შემდეგ მალევე მოხსნა დაუზუსტებელი ინფორმაცია მიზეზზე, რომლის გამოც საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულმა უარი თქვა "ANAKONDA-16"-ში მონაწილეობაზე. პოლონეთში 6 ივნისს დაიწყო ნატოსა და მისი პარტნიორების სამხედრო წვრთნები "ANAKONDA-16". მანევრები იმართება მაშინ, როცა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობენ, უსაფრთხოების მყარი გარანტიები მიიღონ რუსეთის სულ უფრო აგრესიული პოლიტიკის ფონზე.

XS
SM
MD
LG