Accessibility links

logo-print

ფინჯანი ჩაი, ნიგვზიანი თეთრი ბლის მურაბით და ისტორიის გაკვეთილები


ავტორი: ნუციკო მთვარელიშვილი

დიდხანს ვიარე გუდვილში, სანამ ყველა სასურველ ნივთს შევიძენდი. საკმაოდ გვიანი იყო და ხალხიც ალაგ-ალაგ დადიოდა. გასასვლელში ერთი ქალი შევნიშნე, თან მეცნო, თან – ვერა. არააა, აშკარად მახსოვდა, აი, საიდან? დაბნეული იდგა და თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ელოდა.
უფრო ახლოს მივედი და კარგად დავაკვირდი… ღმერთო, როგორ შეცვლილა, ეს ხომ ჩემი მასწავლებელი იყო, ჩემი ,,ისტორიის მასწი”….

– ღია ფერის ,,პასტა” არ დამანახ-ო, მუქი ფერის მოიტანე, გავა დრო და ეს კონსპექტები გამოგადგება-ო, მუქად ნაწერი დიდხანს არ გადავა-ო.
– გამოცდაზე ხუთი ,,პასტა” წაიღეო, ერთი თუ არ დაწერს, მეორე აიღე, მეორემაც თუ არ დაწერა, მესამე აიღეო და ხუთივემ თუ აღარ დაწერა, დაყარე ეგ ,,პასტები” და გამოდი გარეთო!
– ისტორიას რუქებით გასწავლი-ო, – ჩამიხატავდა ხოლმე მსოფლიო გეოპოლიტიკას და ვიზუალურ მეხსიერებასაც ავითარებდა ჩემში
– ჩემი ნასწავლი ისტორია, მუდამ გემახსოვრება-ო, – ხშირად მეუბნებოდა.
– შენ თუ ჯავახიშვილში ისტორიის გამოცდიდან ათიანი არ გამოიტანე, მე მასწავლებლობას თავს ვანებებ-ო (ჩემ დროს მისაღებ გამოცდაზე მაქსიმალური ქულა ათიანი იყო, ისე აგიხდათ ყველაფერი საუკეთესოდ, ჩემი მასწავლებლის მოსწავლემ, მართლაც, ათიანი გამოვიტანე).
ისტორიის გაკვეთილის დასასრულს ჩემი ნაწერით კმაყოფილი გემრიელ ჩაის მთავაზობდა ხოლმე, განსაკუთრებული პატივი იყო ჩაისთან მურაბა (რადგან ნაირ-ნაირი მურაბა ჰქონდა, ,,სამეფო” და ექსკლუზიური მისთვის თეთრი ბლის მურაბა იყო, ბალში ჩატენილი ნიგვზით, ჰოდა, ეს რომ ვიცოდი, მეც ვეზიდებოდი ხოლმე თეთრი ბლის მურაბას ჩემი მასწავლებლის ,,მურაბების სამფლობელოში”, რათა შემდეგ ერთად დაგველია ჩაი მურაბით და გვესაუბრა მაკედონელის დროსა თუ ძველი ეგვიპტის ჭორ-მართალზე).

ჰმ… რა დრო გასულა მას შემდეგ, თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი, გეგონება გუშინ დავდიოდი მხარზე ისტორიის წიგნებით სავსე ჩანთამოგდებული, ზამთარში გათოშილი, შარფში ცხვირჩარგული, თავზე ქუდჩამოფხატებული, თბილ ტანსაცმელში სუნთქვაშეკრული და ისტორიის გაკვეთილზე სიცივისგან აკანკალებული ჩქარი ნაბიჯით მიმავალი, სადაც ისტორია, კონსპექტების წერა, მასწავლებლის საინტერესო თხრობა საღამოს ანთებულ სანთლის შუქზე, უხსოვარ დროში ,,გადაბარგება” და დასასრულ, ჯილდოდ, მურაბიანი ჩაი მელოდა…

ვფურცლავ სკოლის დროინდელ, მუქი ფერის პასტით ნაწერ ისტორიის კონსპექტებს და, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ხელებს ვითბობ ცხელი ჩაის ჭიქაზე, რომლის გვერდით ნიგვზით გამოძეძგილი თეთრი ბლის მურაბა მახსენებს ისტორიის გაკვეთილებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG