Accessibility links

ჟენევაში დაიწყო საერთაშორისო დისკუსიის 36-ე რაუნდი


ჟენევაში დაიწყო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 36-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ქართული მხარე მოითხოვს 19 მაისს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი მესაზღვრის დაკავებას და გადაცემას, რათა დამნაშავე წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დავით დონდუას თქმით, ბრალდებულის დაკავებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს შესაძლო პროვოკაციისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. „იმედია, რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმი სოხუმში გააცნობიერებენ ამ პასუხისმგებლობას და ყველა ღონეს მიმართავენ, ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებისა და ქართული მხარისათვის ჩაბარების მიზნით“, - განაცხადა დავით დონდუამ. მისი ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკების 36-ე რაუნდზე მწვავედ დადგება საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლების და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის საკითხიც, რომლისბოლო შემთხვევა 6 ივნისს დაფიქსირდა სოფელ ავლევში. „ხელოვნური ბარიერებით საოკუპაციო ხაზის გამაგრება და ხურჩაში მომხდარი მკვლელობა კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების საჭიროებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ. მისივე თქმით, დღის წესრიგში რჩება საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა. დავით დონდუას ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა. „გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ვითარება როგორც უსაფრთხოების, ისე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გადაუდებელი აუცილებლობა“, - განაცხადა დავით დონდუამ. მისი თქმით, ქართული მხარე მზად არის განაგრძოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში და იმედს გამოთქვამს, რომ დანარჩენი მხარეებიც პროცესს ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. ჟენევის დისკუსიის 36-ე რაუნდი 15 ივნისს დასრულდება.

XS
SM
MD
LG