Accessibility links

logo-print

პაკისტანელი სასულიერო პირების ჯგუფი „დიდ ცოდვად“ მიიჩნევს „ღირსების მკვლელობებს“


პაკისტანელი სასულიერო პირების გავლენიანმა ჯგუფმა „ფატვა“ გამოაცხადა „ღირსების მკვლელობების“ წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ქალებზე ძალადობის მთელმა სერიამ ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია. სუნიტი სასულიერო პირების „იტეჰადის საბჭომ“ დიდი ცოდვა უწოდა ისეთ მკვლელობებს, როგორიც გასულ კვირაში ლაჰორში მოხდა, როცა დედამ საკუთარი ქალიშვილი ცოცხლად დაწვა იმის გამო, რომ მოზარდი გოგონა შეყვარებულთან ერთად გაიქცა. საბჭომ, რომელშიც 100-ზე მეტი სასულიერო პირი შედის, 13 ივნისს გამოაქვეყნა დეკრეტი ამ საკითხზე. მასში ნათქვამია, რომ „ისლამის მოძღვრებას ეწინააღმდეგება ქალების ცოცხლად დაწვა იმისათვის, რომ თავისთვის სასურველ ქორწინებას ამჯობინებენო“. „ფატვით“ მთავრობას მოუწოდებენ, დასაჯოს „ღირსების მკვლელობაში“ დამნაშავე პირები. პაკისტანში ყოველ წელს ასობით ქალს კლავენ საკუთარი ნათესავები, მათივე გაგებით, ოჯახის ღირსების დასაცავად. ბოროტმოქმედთა უმრავლესობა დაუსჯელი რჩება, მაგრამ ამ საკითხისადმი ყურადღება სულ უფრო მატულობს.

XS
SM
MD
LG