Accessibility links

logo-print

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს დაავალა მერაბიშვილისათვის კომპენსაციის გადახდა


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დაავალა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისათვის 12 000 ევროს გადახდა დადგენილებით, რომელიც 14 ივნისს გამოაქვეყნა. სტრასბურგში განთავსებული სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე გადაწყდა, მაგრამ ასევე გამოყენებულ იქნა მერაბიშვილზე ზეწოლის მოსახდენად. კერძოდ, მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი, როცა სასამართლომ 2013 წლის 25 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაზე. და დაირღვა მე-18 მუხლი, რადგან მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნა იმის შესაძლებლობად, რომ გავლენა მოეხდინათ სხვა საქმის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიებისას და გამოეძიებინათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობა. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს სასამართლოს დადგენილების ძალაში შესვლიდან სამი თვეში უნდა გადაუხადოს 4 000 ევრო არამატერიალური ზარალისათვის და 8 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია გაწეული ხარჯებისათვის. მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს და 2014 წლის თებერვალში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს რამდენიმე ბრალდების, მათ შორის ამომრჩევლების მოსყიდვაში ბრალდების საფუძველზე. ჯერ არ დასრულებულა მისთვის წაყენებული კიდევ რამდენიმე ბრალდების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებების განხილვა.

XS
SM
MD
LG