Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები და გაიტანოს სამხედრო აღჭურვილობა უკრაინიდან და შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა. სტოლტენბერგი ამ მოწოდებით გამოვიდა ბრიუსელში, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთი სისტემატურად არღვევს საერთაშორისო მხარდაჭერით მიღწეულ ზავს უკრაინაში. „რუსეთი განაგრძობს სეპარატისტების მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით: მხარდაჭერას უწევს აღჭურვილობით, იარაღით, სხვადასხვა სახის რჩევებითა და კონსულტაციით. ამას გარდა, რუსეთი თავს უყრის ჯარებს უკრაინის საზღვართან და კვლავაც ეხმარება უშუალოდ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. ამდენად, ეს არის მიზეზი, რომლის გამოც კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვრენიტეტს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ალიანსი კვლავაც მხარში უდგა უკრაინის მთავრობას და არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. 14 ივნისს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი თავდაცვითი ძალების განლაგების თაობაზე. შეთანხმება ითვალისწინებს ძლიერი საერთაშორისო ბატალიონების გაგზავნას ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში. ამასთან, მინისტრებმა მისაღებად მიიჩნიეს ბუქარესტის წინადადება, რუმინეთში განლაგდეს მრავალეროვნული ქვედანაყოფი, რომელიც რეგიონში ნატოს სამხედრო მოქმედებების ორგანიზებაში დაეხმარება. ეს იყო თავდაცვის მინისტრების ბოლო შეხვედრა ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG