Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს ადანაშაულებს სირიაში თავდასხმების განხორციელებაში, მოსკოვი საპასუხო ბრალდებებით გამოდის


აშშ-მა რუსეთს ბრალი დასდო საჰაერო დარტყმების განხორციელებაში სირიის სამხრეთში, მეამბოხეების წინააღმდეგ - იმ ძალების ჩათვლით, რომლებსაც აშშ უჭერს მხარს და რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სააგენტოებს როიტერსს და ფრანს პრესს 16 ივნისს უთხრეს, რომ „ძალიან არიან შეშფოთებული“ ალ-ტანფთან განხორციელებული საჰაერო იერიშების გამო და რომ ვაშინგტონი ამ საკითხის წამოჭრას მოსკოვთან გეგმავს. მაგრამ რუსეთი საპასუხო ბრალდებებით გამოვიდა - რომ აშშ-ს შესაძლოა ჰქონდეს საიდუმლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ნაწილობრივ დაყრდნობას სირიაში ტერორისტულ ძალებზე საიმისოდ, რომ დაემხოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი. 16 ივნისს, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, ასეთი გეგმის არსებობა ნათელს მოჰფენდა იმ გარემოებას, თუ რატომ ვერ შესძლო აშშ-მა მის მიერ მხარდაჭერილი სირიელი მეამბოხეების დაყოლიება იმაზე, რომ ისინი გამიჯვნოდნენ ალ-ყაიდის ნუსრას ფრონტს, როგორც ამას რუსეთი ითხოვდა. აშშ შესაძლოა იქ „რაღაც თამაშს თამაშობდეს, და შეიძლება სურდეთ ნუსრას შენარჩუნება გარკვეული ფორმით და მისი რეჟიმის დამხობის მიზნით გამოყენებაო“, განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, სირთულე, რომელიც ახლავს გაეროს შავ სიაში შესული ტერორისტული ჯგუფის განცალკევებას სხვა მეამბოხე ძალებისგან, წარმოადგენს მთავარ მიზეზს რატომაც გრძელდება სირიაში ომი, არაერთი სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად.

XS
SM
MD
LG