Accessibility links

გერმანიაში ფეხბურთის ექვსი რუსი გულშემატკივარი დააკავეს ესპანელთა ცემისთვის


გერმანიის პოლიციამ ფეხბურთის ექვსი რუსი გულშემატკივარი დააკავა, კიოლნის საკათედრო ტაძართან სამი ესპანელი ტურისტის სავარაუდო ცემის გამო 16 ივნისს. პოლიციის ინფორმაციით, ორ ესპანელს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. რუსები მოსკოვში ბრუნდებოდნენ, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან. პოლიციის წარმომადგენელმა სააგენტო ტასს უთხრა, საკათედრო ტაძართან სამ ესპანელს ფეხბურთის შვიდი რუსი ქომაგი დაესხა თავს, პოლიციამ ექვსი მათგანი დააკავა, ერთმა კი გაქცევა მოახერხაო. პოლიციის ცნობით, ყველა მათგანს თან ჰქონდა რუსეთ-ინგლისის მატჩის ბილეთები - ამ მატჩის შემდეგ გულშემატკივართა კლუბებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად დააკავეს და ქვეყანა დაატოვებინეს რამდენიმე რუს, ისევე როგორც ინგლისელ ქომაგს. ბერლინში რუსეთის საელჩოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია კიოლნის ინციდენტზე. საფრანგეთი აცხადებს, რომ ქვეყანას დაატოვებინებს რუსეთის 20 მოქალაქეს, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიაყენეს ინგლისელ ქომაგებს მარსელში. რუსეთის კონსულმა, სერგეი მოლჩანოვმა სააგენტო ტასს უთხრა, რომ რუსები დეპორტაციას გაასაჩივრებენ.

XS
SM
MD
LG