Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიოლნში დაკავებულ ფეხბურთის რუს ქომაგებს „ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ“


ფეხბურთის ექვს რუს ქომაგს, რომლებიც გერმანიაში დააკავეს სამი ესპანელი ტურისტის სავარაუდო ცემისთვის, ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - იუწყება ბერლინში რუსეთის საელჩო. მისი პრესმდივნის, სერგეი ბელიაევის თქმით, ფეხბურთის ქომაგებს ბრალი ედებათ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებაში, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. გერმანიის პოლიციამ 16 ივნისს დააკავა ფეხბურთის ექვსი რუსი გულშემატკივარი, კიოლნის საკათედრო ტაძართან სამი ესპანელი ტურისტის სავარაუდო ცემის გამო. პოლიციის ინფორმაციით, ორ ესპანელს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. რუსები მოსკოვში ბრუნდებოდნენ, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან. პოლიციის ცნობით, ყველა მათგანს თან ჰქონდა რუსეთ-ინგლისის მატჩის ბილეთები - ამ მატჩის შემდეგ გულშემატკივართა კლუბებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად დააკავეს და ქვეყანა დაატოვებინეს რამდენიმე რუს, ისევე როგორც ინგლისელ ქომაგს. „არ ვიცით, დაკავებულები საფრანგეთიდან დეპორტირებული თუ იყვნენო“, აცხადებს კიოლნის პოლიციის წარმომადგენელი და დასძენს, რომ ყველა მათგანს თან ჰქონდა რუსეთის პასპორტი და მოსკოვში დასაბრუნებელი თვითმფრინავის ბილეთი. საფრანგეთი აცხადებს, რომ ქვეყანას დაატოვებინებს რუსეთის 20 მოქალაქეს, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიაყენეს ინგლისელ ქომაგებს მარსელში. რუსეთის კონსულმა, სერგეი მოლჩანოვმა სააგენტო ტასს უთხრა, რომ რუსები დეპორტაციას გაასაჩივრებენ.

XS
SM
MD
LG