Accessibility links

რუსეთში ხუთი ადამიანი დააკავეს საზაფხულო ბანაკში 14 ბავშვის დაღუპვის შემდეგ


რუსეთში ხუთი ადამიანი დააკავეს და კარელიაში საზაფხულო ბანაკი დახურეს მას შემდეგ, რაც, სულ ცოტა, 14 ბავშვი დაიღუპა ტბაში ნავებით გასეირნების დროს. სულ 47 ბავშვი და ოთხი ზრდასრული ადამიანი იმყოფებოდნენ სამ მომცრო ნავში ფინეთის მახლობლად სიამოზეროს ტბაში გასასეირნებლად - მიუხედავად ამინდის პროგნოზისა, რომ 18 ივნისს უამინდობა და ქარიშხალი იყო მოსალოდნელი. ტრაგედიის გამო წამოიჭრა შეკითხვები, რატომ მანამდე არ დახურეს სიამოზეროს ბანაკი „პარკ ჰოტელი“ მიუხედავად იმისა, რომ ბანაკს არაერთხელ უჩივლეს სანიტარული პრობლემებისა და ბავშვებთან ცუდი მოპყრობის გამო. ინციდენტის ერთ-ერთი გამომძიებლის განცხადებით, შარშან ამაოდ ჩაიარა ძალისხმევამ ბანაკის დასახურად და ახლა გამომძიებლებს დაევალათ, გაჩხრიკონ ქალაქ მოსკოვის შრომისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი. სიამოზეროს ბანაკში შარშან დაისვენეს ბავშვებმა, რომლებიც მოსკოვის მერიამ გააგზავნა 45 მილიონი რუბლის (700 ათასამდე დოლარის) კონტრაქტის ჩარჩოებში. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს დაავალა „დამნაშავეების პოვნა“.

XS
SM
MD
LG