Accessibility links

თბილისი მასპინძლობს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას


თბილისი მასპინძლობს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მე-9 შეხვედრას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. შეხვედრის დღის წესრიგშია საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების განვითარების, მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის და კორუფციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მხარეები განიხილავენ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსაც. საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მე-9 შეხვედრაში მონაწილეობენ მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ჯგუფს ხელმძღვანელობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ბობ ბერშინსკი. აშშ-ის დელეგაციის წევრები 20 ივნისს, თბილისში შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.

XS
SM
MD
LG