Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: თვითმკვლელობა ვალების გამო


ეროსი კიწმარიშვილი, 2008 წელი
ეროსი კიწმარიშვილი, 2008 წელი

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიხედვით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, თვითმკვლელობის მოტივად კი გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს. გამოძიების დასკვნას არ ეთანხმებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომლებიც აპირებენ 23 ივნისს სპეციალური ბრიფინგი გამართონ და საზოგადოებას, მათი თქმით, ის საფუძვლიანი არგუმენტები წარუდგინონ, რომლებიც გამოძიების დასკვნას გააბათილებს.

თვითმკვლელობა და არა მკვლელობა. 23-თვიანი გამოძიება დასრულებულია. პროკურატურის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა 2014 წლის 14 ივლისს თავი მოიკლა საკუთარი იარაღით საკუთარ ავტომობილში, თავისივე საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში. თვითმკვლელობის მოტივად პროკურორი ნინო აღლემაშვილი მკვეთრად გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს:

„ჩვენ შევისწავლეთ ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა მისი გარდაცვალების დროისთვის. დოკუმენტალურად დადგენილი ფაქტია, რომ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს ჰქონდა ბანკების, ორგანიზაციების და კერძო პირების დავალიანება, 312 ათასი ამერიკული დოლარის და 120 ათასი ლარის ოდენობით. კიწმარიშვილს არ ჰქონდა ამ დავალიანების დასაფარად საკმარისი შემოსავალი. გარდა ამისა, დავალიანების უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული მისი საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩნდა საუბრის ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ არსებული მატერიალური პრობლემების გამო მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება“.

ორი წელია იქ ვზივარ, ჩანაწერებიც ვნახეთ და ვეძებდით ასეთ რაღაცებს და არ გვინახავს მსგავსი რამ და უცებ, დღეს, ცნობილი ხდება ამის შესახებ და რატომ გვიმალავდნენ ამას, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემთვის. ვალი რომ ჰქონდა, გასაგებია. ვალი გვაქვს ყველას...
ზურაბ კიწმარიშვილი

თითქმის ორი წლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის ფაქტზე, რომელიც იმთავითვე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 600-ამდე დაკითხული პირის, ასევე ოჯახის წევრების, ადვოკატებისა და ოჯახის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული ათეულობით ექსპერტიზის, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერების გაანალიზებისა და ეროსი კიწმარიშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში შენახული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, გამოძიებამ დაადგინა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის მიზეზი მკვლელობა არ ყოფილა:

„შეუძლებელია სროლა იყოს სხვა პირის მხრიდან განხორციელებული. შემთხვევის ადგილის სურათი ცალსახად გამორიცხავს სროლის დროს სხვა პირის ყოფნას მანქანაში ან მანქანისგან ისეთ დისტანციაზე, საიდანაც სროლა არის შესაძლებელი“.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა, ეროსი კიწმარიშვილს მარჯვენა საფეთქელზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულის ანაბეჭდი, ე. წ. „შტანცმარკა“, და დამწვრობის კვალი, რაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვითარდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდრო მიბჯენით გასროლის შედეგად. გარდაცვლილის ფეხებთან ეგდო პისტოლეტი, რომელიც მან რამდენიმე საათით ადრე შეიძინა. შესაბამისი მიკრონაწილაკების ექსპერტიზით ასევე დადგენილია, რომ მანქანაში იყო მხოლოდ კიწმარიშვილის მიკრონაწილაკები.

გამოძიების დასკვნას არ ეთანხმება ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი. „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის ოჯახის წევრებისათვის იმთავითვე მიუღებელი იყო გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, ანუ პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ზურაბ კიწმარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ისინი პირადად ელაპარაკნენ მთავარ პროკურორს და სწორედ მისგან შეიტყვეს გამოძიების დასრულების შესახებ. მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები პრინციპულად არ ეთანხმებიან გამოძიების დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მან თავი მოიკლა:

„პროკურორს ვესაუბრეთ და ავუხსენით, რომელიც ძალიან გაგებით მოეკიდა ჩვენს არგუმენტებს, თქვა, რომ ესმის ჩვენი და თქვა, რომ საქმე იხურება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე გაგრძელება გამოირიცხოს“.

რაც შეეხება თვითმკვლელობის მოტივად მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასახელებას, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, მისთვის ეს მოტივიც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს:

„წამიკითხეს ჩანაწერი, რომ თურმე გარდაცვლილი ამბობს, რომ ვალი ჰქონდა. მე პირველად გავიგე ასეთი რამ. ორი წელია იქ ვზივარ, ჩანაწერებიც ვნახეთ და ვეძებდით ასეთ რაღაცებს და არ გვინახავს მსგავსი რამ და უცებ, დღეს, ცნობილი ხდება ამის შესახებ და რატომ გვიმალავდნენ ამას, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემთვის. ვალი რომ ჰქონდა, გასაგებია. ვალი გვაქვს ყველას“.

ნიკა მელია
ნიკა მელია

გამოძიების შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ანუ თვითმკვლელობასა და თვითმკვლელობის მოტივად მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასახელებას ასევე არ ეთანხმებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ნიკა მელიას სიტყვებით, გამოძიებამ ამ დასკვნით დაადასტურა საზოგადოების ეჭვები ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილთან დაკავშირებით:

„რას დაეყრდნო პროკურატურა? მთავარი არგუმენტი, რამაც პროკურატურა მიიყვანა თვითმკვლელობის ვერსიამდე და ამ საფუძველზე დახურა საქმე, არის ის, რომ ბატონი კიწმარიშვილი ლიფტთან, ავტოფარეხში ჩასვლამდე, ბოლთას სცემდა და საბანკო კრედიტი, რომელიც მას ჰქონდა“.

„ორი აზრი არ არსებობს, რომ პროკურატურის დასკვნა ემყარება მასალებს, რომლებსაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ“, - ასე ეხმაურება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დასრულებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლკსი: - „მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსებს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეთ უფრო კომპეტენტური განცხადება, ვიდრე პროკურატურას“.

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები 23 ივნისს სპეციალური ბრიფინგის გამართვას აპირებენ. როგორც ადვოკატი გაგა მოსიაშვილი ამბობს, ისინი ბრიფინგზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების თითოეულ დეტალს განიხილავენ, მათ თავიანთ არგუმენტებს დაუპირისპირებენ და საზოგადოებას განუმარტავენ, რა მოსაზრებებით არ ეთანხმებიან გამოძიების დასკვნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG