Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო მოხელეებს კვლავ მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობას. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, განსაკუთრებით კი ოპოზიციის კამპანიის ხელშეწყობა. „რამდენიმე დღის წინ უკვე გავაკეთე განცხადება, რომ მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ჩვენი მოწოდებაა, რომ რაც შეიძლება მშვიდობიან გარემოში, ღირსეულად ჩავატაროთ ეს არჩევნები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ საარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. „როგორც ჩემი, ისე არაერთი მინისტრის მხრიდან, მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე გაჟღერებულა არაერთი მოწოდება და თხოვნა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჩამოვიდეს საქართველოში და რაც შეიძლება ადრე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს მედიის სრულ წვდომას პროცესების გაშუქებაზე და არასამთავრობო სექტორის ჩართულობას. „ეს არის ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი, რომ შევძლოთ მართლაც დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და სათანადოდ იქნეს გაშუქებული მთელი ეს პროცესი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG