Accessibility links

საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები შეშფოთებული არიან კორცხელის ინცინდენტით


საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო. 22 მაისს შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის - ორი პოლიციელი. „გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის ადგილი პოლიტიკური ძალადობისათვის, რაც განსაკუთრებით დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის დროს, სადაც ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს კამპანიის თავისუფლად და შეუზღუდავად ჩატარების უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ბორის ცილევიჩმა (ლატვია) და კერსტინ ლუდგრენმა (შვეცია) 23 ივნისს გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალადობის თაობაზე ყოველგვარი ბრალდება და დადასტურების შემთხვევაში, პასუხი აგებინოს ძალადობაში მხილებულ პირებს. სამ ივნისს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინციდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

XS
SM
MD
LG