Accessibility links

logo-print

პუტინი ერდოანს დაურეკავს - პირველად ნოემბერში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ


კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოანს დაურეკავს - პირველად მას შემდეგ, რაც თურქეთმა შარშან ნოემბერში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი 29 ივნისს გაიმართება რუსული მხარის ინიციატივით. ამასთან, პესკოვის თქმით, ორმხრივი ურთიერთობის გამოსწორებას დრო დასჭირდება. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა 2015 წლის ნოემბერში თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოაგდო რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი და დაიღუპა მფრინავი. ამ ინციდენტის შემდეგ მოსკოვმა სანქციები დაუწესა თურქეთს და ორმხრივი ვაჭრობა მკვეთრად შემცირდა. პესკოვმა დაადასტურა, რომ ერდოანმა პუტინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც, პესკოვის სიტყვებით, ბოდიშის იხდის ინციდენტისათვის. თუმცა ანკარა ამბობს, რომ ერდოანი პუტინის მიმართ წერილში „სინანულს“ გამოხატავს და უსამძიმრებს დაღუპული მფრინავის ოჯახს, მაგრამ ბოდიშს არ იხდის თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, ანკარა არ გადაუხდის რუსეთს კომპენსაციას და მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი პილოტის მკვლელობაში ბრალდებული პირის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG