Accessibility links

logo-print

აშშ-მა თავის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება მისცა რუსეთის თვითმფრინავს


შეერთებულმა შტატებმა თავის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება მისცა რუსეთის მზვერავ თვითმფრინავს საერთაშორისო ხელშეკრულების ჩარჩოებში და ამ გადაწყვეტილებით უგულებელყო ზოგი ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკა. გადაწყვეტილების მიღებით ვაშინგტონმა შეასრულა 14 წლის წინ დადებული შეთანხმება სახელწოდებით „ღია ცის შესახებ ხელშეკრულება“, რომლითაც გამიზნულია გამჭვირვალობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაზრდა ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებისათვის ერთმანეთის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლების მიცემით - სამხედრო ბაზების თუ სხვა ობიექტების სამეთვალყურეოდ. შეერთებული შტატების მთავრობამ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო 28 ივნისს მოსკოვში კონსულტაციების დასრულების შემდეგ. ამის შესახებ განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც მედიაში არ ასახელებენ. წელს უფრო ადრე რუსეთის მთავრობამ ითხოვა საგანგებო აპარატურით აღჭურვილი თვითმფრინავის, ტუ-154-თვის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გადაფრენის უფლების მიცემა. მაგრამ ამერიკელი კონგრესმენების ნაწილმა და თავდაცვის უწყების რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელმა საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება, რადგან რუსეთი მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიას იყენებს და შესაძლოა, ამჯერად უფრო სახიფათო იყოს მისი თვითმფრინავის გადაფრენა, ვიდრე წარსულში იყო.

XS
SM
MD
LG