Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში მორიგი, 67-ე შეხვედრა გაიმართა


სოფელ ერგნეთში, 28 ივნისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 67-ე - შეხვედრა გაიმართა. მისმა მონაწილეებმა განიხილეს უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში აღნიშნული ინციდენტები. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს პროტესტი არსებული ვითარების გამო. ქართულმა მხარემ, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სოფელ ქორდას მკვიდრის, 28 ივნისს გაუჩინარებული, 26 წლის ნიკა საღირაშვილის შესახებ. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უგზოუკვლოდ დაკარგულ და ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხს. ასევე, საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი, ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 68-ე შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება. ამ შეხვედრებზე ცენტრალურ ხელისუფლებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ ხოლმე.

XS
SM
MD
LG