Accessibility links

logo-print

სტამბოლის აეროპორტმა მუშაობა განაახლა


სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტმა მუშაობა განაახლა მას შემდეგ, რაც წინა საღამოს აფეთქებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 36 და დაიჭრა 150-მდე ადამიანი. თურქეთის პრემიერ-მინისტრის,ბინალი ილდირიმის მონაცემებით, დაიღუპა სამი თვითმკვლელი თავდამსხმელიც. „ჩვენი უშიშროების ძალების მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ტერაქტები მოაწყო ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ". მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინფორმაცია "ისლამურ სახელმწიფოზე" მიანიშნებს, გამოძიება კვლავაც გრძელდება. აეროპორტი საჰაერო მიმოსვლისათვის გაიხსნა 2:22 (თბილისის დროით, 5:22) საათზე და საჰაერო მიმოსვლა ნორმალიზებულია“ - უთხრა ჟურნალისტებს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც აფეთქებების შემდეგ მალევე მივიდა აეროპორტში. ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინზის" ვებსაიტზე გამოქვეყნებულია რეკომენდაცია მგზავრებისადმი, თვალი მიადევნონ აქტუალურ ინფორმაციას რეისების თაობაზე. ოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტში სამი თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა შორის არის ორი უცხოელი - ერთი უკრაინელი და ერთი ირანელი. თურქეთში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან არც დაღუპულებს და არც დაშავებულებს შორის.

XS
SM
MD
LG