Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

41-მდე გაიზარდა სტამბოლის აეროპორტში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


თურქი ოფიციალური პირების ცნობით, 41-მდე გაიზარდა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში 28 ივნისს მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაღუპულების რიცხვი. დაიჭრა 239 ადამიანი. დაღუპულებიდან 12 არის უცხოელი, სამს კი ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. მათ შორის, ამჟამინდელი ინფორმაციით, არ არიან ქართველები.სტამბულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, დაჭრილებიდან 109 უკვე გამოწერეს საავადმყოფოებიდან. 28 ივნისის საღამოს სამმა თავდამსხმელმა აეროპორტში ჯერ ცეცხლი გახსნა ავტომატური იარაღით, შემდეგ კი თავი აიფეთქა. იუწყებიან აგრეთვე, რომ სტამბოლის აეროპორტმა უკვე განაახლა მუშაობა. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა აფეთქებებიდან რამდენიმე საათში: „ჩვენი უშიშროების ძალების მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ტერაქტები მოაწყო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინფორმაცია "ისლამურ სახელმწიფოზე" მიანიშნებს, გამოძიება კვლავაც გრძელდება. აეროპორტი საჰაერო მიმოსვლისათვის გაიხსნა 2:22 საათზე და საჰაერო მიმოსვლა ნორმალიზებულია“, - უთხრა ჟურნალისტებს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც აფეთქებების შემდეგ მალევე მივიდა სტამბოლის აეროპორტში. ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინზის" ვებსაიტზე გამოქვეყნებულია რეკომენდაცია მგზავრებისათვის, თვალი მიადევნონ აქტუალურ ინფორმაციას რეისების თაობაზე.

XS
SM
MD
LG