Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები პირობას დებენ, რომ შეინარჩუნებენ 27 ქვეყნის ერთიანობას „ბრექსიტის“ შემდეგ


ევროკავშირის ლიდერები პირობას დებენ, რომ შეინარჩუნებენ 27 ქვეყნის ერთიანობას მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გასულ კვირაში გამართულ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობა მიემხრო ევროკავშირიდან ამ ქვეყნის გასვლას. ამჟამად ევროკავშირი 28 წევრს აერთიანებს. დღეს ევროკავშირის ლიდერები პირველად შეიკრიბნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის გარეშე ბლოკის მომავალზე სასაუბროდ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, სამიტზე შეთანხმდნენ ასევე, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ვეღარ ისარგებლებს საერთო ბაზრით, თუ უარს იტყვის ადამიანების თავისუფლად გადაადგილების პრინციპზე. „ლიდერებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, კვლავაც ერთად იდგნენ და განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც 27-ის გაერთიანებამ. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა წესების დაცვით უნდა მოხდეს და არ დაიწყება არანაირი მოლაპარაკება მანამდე, სანამ გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად არ შეატყობინებს ევროკავშირს იმის შესახებ, რომ გასვლას აპირებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ბრიტანეთთან მჭიდრო პარტნიორობა გვექნება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. სამიტის პირველ დღეს, 28 ივნისს მასში მონაწილეობდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონიც. მან კოლეგებს გააცნო ინფორმაცია ვითარებაზე ბრიტანეთში რეფერენდუმის შემდეგ და განაცხადა, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრს დაუტოვებს მისაღებად გადაწყვეტილებას ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედებაზე, რითაც უნდა დაიწყოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესი.

XS
SM
MD
LG