Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იხსნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, საიუბილეო სესია


დღეს თბილისში იხსნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, საიუბილეო სესია, რომელშიც ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 600-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველოს პარლამენტის განცხადებით, ქვეყანა პირველად მასპინძლობს მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პოლიტიკურ ფორუმს, რომლის თემაა „25 წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით.“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწილეები 5 დღის განმავლობაში, საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე იმსჯელებენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებენ. ასამბლეის პლენარული სესია თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე გაიხსნება. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ფორუმის მონაწილეებს მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების გარდა მონაწილეობენ პოლიტიკის ექსპერტები, დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება 5 ივნისს დასრულდება ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით და „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით. პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას საგამოფენო ცენტრი, „ექსპო ჯორჯია“ მასპინძლობს.

XS
SM
MD
LG