Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში


ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველოში მოქმედ სამ საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა. ასეთი ზრდა განვითარების კარგ სტიმულს აძლევს ავიაბიზნესს, განსაკუთრებით კი, ე. წ. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს.

საქართველოში უკვე დაფრინავს რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, მათ შორის „ვიზეარი“ (Wizzair) და „პეგასუსი“ (Pegasus). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლო მომავალში საქართველოს ბაზარზე შემოსვლას აპირებს ერთ-ერთი მთავარი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, „რიანეარი“ (Ryanair).

კოპიტნარის აეროდრომი

4 წლის წინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყანაში სწორედ Ryanair-ის შემოსაყვანად აშენდა, რათა მოქალაქეებს უცხოეთში იაფად მოგზაურობის საშუალება ჰქონოდათ. ეს ავიაკომპანია ევროპის ქალაქებს შორის, საშუალოდ, 20 ევროდ დაფრინავს. შესაბამისად, ქუთაისიდან ბერლინში ან ვარშავაში 20 ევროდ მგზავრობის პერსპექტივა განსაკუთრებით მაცდურად გამოიყურებოდა, მაშინ როდესაც თბილისიდან იმავე მიმართულების ავიაბილეთი ათჯერ მეტი ღირდა. ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ დაბომბილი ძველი აეროდრომის ადგილზე აშენდა სახელმწიფო ხარჯით „რიანეართან“ მიღწეული შეთანხმების რეალიზაციისთვის. აეროპორტის ტერმინალთან ერთად კოპიტნარში მოეწყო ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და ორიგინალური სანავიგაციო კოშკურა.

რაც შეეხება მიხეილ მიუნჰაუზენისა და მისი დამქაშების განცხადებას, თითქოს ქუთაისის აეროპორტი არ მუშაობს და მას საქართველოს მთავრობა ვერ უვლის, გეტყვით, რომ რეისების რაოდენობა 10 თვის მანძილზე გაიზარდა 710 პროცენტით...
გიორგი სიგუა

2012 წლის ზაფხულში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მოპირკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როდესაც უნგრეთში დაფუძნებულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია WizzAir-მა ქუთაისიდან კიევის მიმართულებით ავიარეისები დანიშნა.

საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ვრცლად ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა:

”აქ შემოდის ავიაკომპანია, რომელიც გადაიყვანს მგზავრებს 22 ევროდ კიევში და კიევიდან, მაგალითად, ლონდონში გადასაფრენად კიდევ 15-20 ევროს დამატება დასჭირდებათ, დაახლოებით, და ასე ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. 22 ევროდ ტაქსი არ ჩამოგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში და ახლა ბოინგი ჩაგიყვანს ევროპაში. აი, ეს არის ამ აეროპორტის მთავარი დანიშნულება”.

ქუთაისის აეროპორტის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ავიაკომპანიებს ძალიან დაბალი ტარიფით ემსახურება, რაც, პირველ რიგში, დაბალბიუჯეტიან გადამზიდველებს იზიდავს და, ბუნებრივია, WizzAir-მა, რომელიც ევროპის უამრავ ქალაქში დაფრინავს, ქუთაისიდან მგზავრების გადაყვანა კიევის შემდეგ ვარშავის, კატოვიცეს, ბუდაპეშტისა და ვილნიუსის მიმართულებითაც დაიწყო.

გაუმართლებელი ხარჯები?

2012 წლის პოლიტიკურად ცხელ ზაფხულში ოპოზიციური „ქართული ოცნება“ ცდილობდა ყველაფერი, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება აკეთებდა, ეჭვქვეშ დაეყენებინა. შესაბამისად, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები „გაუმართლებელ ხარჯებად“ გამოცხადდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქუთაისის აეროპორტი, ზოგადად ტურიზმთან ერთად, არაპრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში მოხვდა.

მიუხედავად ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებისა, ქუთაისის აეროპორტმა მაინც მოიპოვა პოპულარობა დაბალფასიანი ავიარეისების მეშვეობით. აეროპორტის მომსახურების დაბალი ტარიფის გამო არაბიუჯეტური ავიაკომპანიების ბილეთებიც კი საგრძნობლად გაიაფდა, თბილისთან შედარებით.

ცნობილია, რომ „ვიზეარი“ დატვირთვის საკმაოდ მაღალი ხარისხით მუშაობს - თუ თვითმფრინავში არის 180 ადგილი, 175 მგზავრი, როგორც წესი, სულ დაფრინავს. უფრო დაბალი მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, ვთქვათ, 160 კაცი, წლიურად გამოდის 250 000 მგზავრი...
ქეთევან ალექსიძე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მომსახურება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და წლის ბოლომდე, პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, თითქმის 13 ათასი მგზავრის მიღება შეძლო. რადიკალურად შეიცვალა სურათი 2013 წელს, როდესაც WizzAir-მა ქუთაისი ევროპის 4 ქალაქს რეგულარული რეისებით დაუკავშირა.

188 ათასი მგზავრი - ასეთი იყო მეორე წლის შედეგი, რამაც ახალი ხელისუფლების მესვეურების კრიტიკული რიტორიკა საამაყო განცხადებებით შეცვალა. ტურიზმის ადმინისტრაციის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ქუთაისის აეროპორტის მიმართ უყურადღებობის გამო საყვედურობდა, ასე უპასუხა:

„რაც შეეხება მიხეილ მიუნჰაუზენისა და მისი დამქაშების განცხადებას, თითქოს ქუთაისის აეროპორტი არ მუშაობს და მას საქართველოს მთავრობა ვერ უვლის, გეტყვით, რომ რეისების რაოდენობა 10 თვის მანძილზე გაიზარდა 710 პროცენტით”.

ხელისუფლების ძალისხმევის გარეშე 2014 წელს მგზავრთა ნაკადი ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა 218 ათასამდე, ხოლო 2015 წელს ეს რაოდენობა 16 პროცენტით შემცირდა და 2013 წლის მაჩვენებელზე დაბალი რიცხვი შეადგინა (183 000). როგორც ჩანს, ამ მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა WizzAir-ის გადაწყვეტილებამ, რომელმაც კიევის ბაზა გააუქმა და ქუთაისიდან უკრაინაში ფრენაც შეწყდა.

უვიზო მიმოსვლა და იაფი ავიაფრენების პერსპექტივა

სტატისტიკის კლება კარგს არაფერს უქადდა ქუთაისის აეროპორტს, რომელიც მმართველ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში მოსვლიდანვე ათვალწუნებული ჰქონდა. მაგრამ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც, დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ძალაში უნდა შევიდეს, რამდენიმე ავიაკომპანიას მადა გაუღვიძა. ყველას მაინც WizzAir-მა დაასწრო და საზოგადოებას ქუთაისიდან 7 ახალი მიმართულებით ფრენის დაწყება აუწყა.

ახალი მიმართულებების დამატების შემდეგ საქართველოში მგზავრთა ნაკადი ერთი წლის მანძილზე, დაახლოებით, 250 ათასით გაიზრდება, რაც, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის, განცხადებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარებაში:

„ცნობილია, რომ „ვიზეარი“ დატვირთვის საკმაოდ მაღალი ხარისხით მუშაობს - თუ თვითმფრინავში არის 180 ადგილი, 175 მგზავრი, როგორც წესი, სულ დაფრინავს. უფრო დაბალი მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, ვთქვათ, 160 კაცი, წლიურად გამოდის 250 000 მგზავრი. ჩვენ პესიმისტურად ვანგარიშობთ ხოლმე, დაახლოებით, 30-40 % ტურისტს, რაც არის, დაახლოებით, 50 000 ტურისტი საქართველოსთვის, ჯამში კი, დაახლოებით, 30-მილიონიანი კონტრიბუციაა ტურიზმის სექტორში“.

მთავარია მონდომებული იყოს ადამიანი, უნდოდეს იაფად მოგზაურობა და ყოველთვის მონახავს ისეთ მარშრუტს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. მე, მაგალითად, ევროპის მიმართულებით არაერთხელ მიმგზავრია 9 ევროდ...
ლევან ჭანჭალეიშვილი

ავიარეისების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, WizzAir-მა გადაწყვიტა დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ბაზა დააფუძნოს. თავდაპირველად კოპიტნარში ბაზირებული იქნება ერთი ავიახომალდი. მისი მეშვეობით განხორციელდება ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილი ახალი რეისები. თვითმფრინავის მომსახურებისთვის მოეწყობა სათანადო ინფრასტრუქტურა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც, დაახლოებით, 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ტოლფასია.

ამ პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში საქართველოს ესტუმრა Ryanair-ის ოფიციალური დელეგაცია და, ქუთაისის აეროპორტის მონახულების გარდა, კომპანიის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება გამართეს საქართველოს ხელისუფლებასთან. კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ Ryanair-ი საქართველოში შემოსვლას და იაფი ფრენების დაწყებას გეგმავს, თუმცა უფრო მეტი კონკრეტიკა ჯერ არ ჩანს.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის, განცხადებით, დამატებით კიდევ 3 ავიაკომპანიას სურს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება. მათგან ირანულმა ავიაკომპანიამ უკვე მიიღო ფრენის უფლება.

რამდენად რეალურია ევროპაში იაფად, 30-40 ევროდ, ფრენა?

WizzAir-ის გადაწყვეტილებამ, რომ სექტემბრის ბოლოდან ოთხ არსებულ მიმართულებას კიდევ 7 დაამატოს, ბიძგი მისცა ცხარე დისკუსიას სოციალურ ქსელებში. ბევრი სარეკლამო ხრიკად მიიჩნევდა ავიაკომპანიის განცხადებებს ევროპაში იაფი ფრენების შესახებ. ბევრი კი უსაფრთხოების საკითხებს აყენებდა ეჭვქვეშ და კომპანიის ხომალდებს ლამის ფრთებიან მარშრუტკებს“ უწოდებდა, ზოგიც ავიაკომპანიის მომსახურე პერსონალის დაბალ ანაზღაურებას აბრალებდა ავიაბილეთების სიიაფეს და ა. შ.

რეალობა კი სხვაგვარია. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს იაფი ბილეთები სარეალიზაციოდ გამოაქვთ სხვადასხვა ალგორითმის მიხედვით. არის დღეები, როდესაც ერთი და იგივე ბილეთი ორჯერ იაფი ღირს, ვიდრე ერთი დღით ადრე ღირდა. თუ ამას ფასდაკლების აქციაც დაემატა და მომხმარებელი ავიაკომპანიის კლუბის წევრიცაა, სავსებით შესაძლებელია ბილეთ მხოლოდ 9-10 ევრო დაუჯდეს. ასეთი ფასით არაერთხელ უსარგებლია ქუთაისელ მოგზაურ ლევან ჭანჭალეიშვილს:

„მთავარია მონდომებული იყოს ადამიანი, უნდოდეს იაფად მოგზაურობა და ყოველთვის მონახავს ისეთ მარშრუტს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. მე, მაგალითად, ევროპის მიმართულებით არაერთხელ მიმგზავრია 9 ევროდ“.

ლევან ჭანჭალეიშვილის გამოცდილების მიხედვით, საჭიროა მოგზაურობის მსურველმა წინასწარ 1-2 თვით ადრე დაიჭიროს თადარიგი და იაფი ავიაბილეთები შეარჩიოს, შემდეგ კი შვებულება ამ დაბალფასიანი ფრენის თარიღებს შეუსაბამოს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იმას არ ნიშნავს, რომ 10-20-ევროიანი ბილეთები ყოველდღე არის, თუმცა თითქმის ყოველთვის შეძლებთ ავიარეისების პოვნას 50 ევროს ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG