Accessibility links

ბანგლადეში: თავდამსხმელები არ იყვნენ „ისლამური სახელმწიფოდან“


ბანგლადეში აცხადებს, რომ შეიარაღებული პირები, რომლებმაც დაკაში, ერთ-ერთ რესტორანში 20 უცხოელი დახოცეს, წარმოადგენდნენ ადგილობრივ ექსტრემისტულ დაჯგუფებას და არ იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრები. შინაგან საქმეთა მინისტრის, ასადუზამან ხანის განცხადებით, თავდამსხმელები ეკუთვნოდნენ ჯგუფს სახელად „ჯამაათ-ულ-მუჯაჰედინ ბანგლადეში“, რომელიც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულზე მეტია აკრძალულია. მინისტრმა დასძინა, რომ მათ „კავშირი არ აქვთ ისლამურ სახელმწიფოსთან“. მანამდე „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა უცხოელების და ორი პოლიციელის მკვლელობაზე, 11 საათის განმავლობაში გაგრძელებული მძევლების კრიზისის დროს, რომელიც 2 ივლისს დასრულდა. ბანგლადეშის მთავრობა სისტემატურად უარყოფს ქვეყანაში საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფებების მოქმედებას, თუმცა ამბობს, რომ „ჯამაათ-ულ-მუჯაჰედინ ბანგლადეში“ თავს აცხადებს „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრად. პოლიციამ გაავრცელა იმ ექვსი თავდამსხმელის სახელები და ფოტოები, რომლებიც ადგილზე დახოცეს. მეშვიდე დაპატიმრებულია და მას ბანგლადეშის უშიშროების წარმომადგენლები დაკითხვას უტარებენ.

XS
SM
MD
LG