Accessibility links

logo-print

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი „კონფლიქტი საქართველოში.“


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში, დღევანდელ შემაჯამებელ სხდომაზე დაამტკიცა საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი „კონფლიქტი საქართველოში.“ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა მხოლოდ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციამ. რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარების აუცილებლობას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების გამოყენებით. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების აღმართვის პროცესს, რაც ერთმანეთისგან ყოფს ადგილობრივ მოსახლეობას და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ, უფლებებს. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და შეასრულოს ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება. დღესვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა 122 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს 25-ე, საიუბილეო სესიის შემაჯამებელი დოკუმენტი, „თბილისის დეკლარაცია.“

XS
SM
MD
LG