Accessibility links

პრეზიდენტის პრესსპიკერმა „ზღვარგადასულ გამონათქვამებად“ მოიხსენია სააკაშვილის განცხადებები


საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ „ზღვარგადასულ გამონათქვამებად“ მოიხსენია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომლებიც სტამბოლში 28 ივნისს მოწყობილ ტერაქტებს მოჰყვა. მიშველაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ განცხადებებს გულისხმობს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა არის საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორი და მეგობრული ურთიერთობებიდან, ასევე დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, ის (მარგველაშვილი) ამ დრომდე თავს იკავებდა უკრაინელი მაღალჩინოსნის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სახელმწიფოზე თავდამსხმელი განცხადებების კომენტირებისაგან. თუმცა, პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკურ ტაქტსაც აქვს ზღვარი“, - განაცხადა მიშველაძემ. სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისის მოწყობილი აფეთქებების შემდეგ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ორგანიზატორი შესაძლოა იყოს აჰმედ ჩატაევი იყოს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩატაევი 2012 წელს გაათავისუფლა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ, რადგან ის პოლიტპატიმრად ჩათვალა. აჰმედ ჩატაევი თბილისში 2012 წლის 6 დეკემბერს გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. ის იმავე წლის სექტემბერში იქნა დაკავებული იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, რომელსაც ჩატაევი კატეგორიულად უარყოფდა.

XS
SM
MD
LG