Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადადგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე


თანამდებობიდან გადადგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. მან ბათუმში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო პროცესებში. არჩილ ხაბაძის შეფასებით, მისი მთავრობის მმართველობის ოთხწლიან პერიოდში აჭარის რეგიონმა ყველა მიმართულებით განიცადა ფუნდამენტური წინსვლა. „მაქსიმალურად ვიცავდით დემოკრატიულ პრინციპებს და აჭარის მთავრობა იყო ღია, გამჭვირვალე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი და სამართლიანი“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. მისივე თქმით, რეგიონის ეკონომიკაში 2013-2015 წლებში ჩაიდო 838 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ინფრასტრუქტურა განვითარდა მთელი აჭარის მასშტაბით და ტურისტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ხაბაძის შეფასებით, წარმატებული იყო სოფლის მეურნეობის პროგრამები და მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სტანდარტი. „პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების და მსჯელობის საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ახალ კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი დაასახელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის და საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG