Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ და კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ


საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტისას, მან და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. მათ გააფორმეს კიდევ რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის ერთ-ერთი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში, უწინარეს ყოვლისა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. თბილისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს უწოდა აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება. თავის მხრივ, ჯონ კერიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი გამოცდა საქართველოსთვის. კერი გამოვიდა მოწოდებით, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი იყოს დაშინებისა და ძალადობისაგან. "ეს არის მშვენიერი და დემოკრატიული ქვეყანა პრობლემური სამეზობლოთი და რთულ დროში. ამიტომ აქ ჩამოვედი მესიჯით პრეზიდენტ ბარაკ ობამასაგან, მესიჯით, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ევროატლატნიკურ მისწრაფებებს", განაცხადა ჯონ კერიმ. მან "მიუღებელი" უწოდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჯონ კერი დღეს საქართველოში, ხვალ კი უკრაინაში ვიზიტების შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში, რომელიც 8-9 ივლისს ვარშავაში გაიმართება.

XS
SM
MD
LG