Accessibility links

logo-print

კერი: საქართველოს აშშ-გან მიღებული აქვს 4,3 მილიარდამდე დოლარის დახმარება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ დღეს საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოსათვის გაწეული დახმარებით, რომელიც ამ ქვეყანას ხელს უწყობს საკუთარი მომავლის განსაზღვრაში და რომ საქართველოს შეერთებული შტატებისაგან 4,3 მილიარდამდე დოლარის დახმარება აქვს მიღებული. ჯონ კერი ამ თემას შეეხო დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. კერიმ აღნიშნა ასევე, რომ ვაშინგტონი აფასებს საქართველოს მიერ რეფორმების გატარებას და ძალისხმევას, რათა არჩევნები შეძლებისდაგვარად სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. "ეს არის მშვენიერი და დემოკრატიული ქვეყანა პრობლემური სამეზობლოთი და რთულ დროში. ამიტომ აქ ჩამოვედი მესიჯით პრეზიდენტ ბარაკ ობამასაგან, მესიჯით, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ევროატლატნიკურ მისწრაფებებს", განაცხადა ჯონ კერიმ. მან "მიუღებელი" უწოდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ერთობლივი ბრიფინგის დაწყებამდე კერიმ და კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. მათ გააფორმეს კიდევ რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის ერთ-ერთი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში, უწინარეს ყოვლისა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. თბილისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს უწოდა აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება. ჯონ კერი დღეს საქართველოში, ხვალ კი უკრაინაში ვიზიტების შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში, რომელიც 8-9 ივლისს ვარშავაში გაიმართება.

XS
SM
MD
LG