Accessibility links

logo-print

ჯონ კერის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციები ჯერ არ გაუქმდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა და თბილისის შემდეგ უკრაინას ეწვია. დღეს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ ჯონ კერიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 23 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის. კერი შეეხო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებსაც: "შეერთებული შტატები სისტემატურად აცხადებს, რომ არ ვაღიარებთ და არც მომავალში ვაპირებთ ვაღიაროთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობა. და ჩვენი სანქციები, რომლებიც ყირიმის საკითხს უკავშირდება, ძალაში დარჩება, სანამ ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდება", - განაცხადა კერიმ კიევში. უკრაინაში ვიზიტის დაწყებამდე, ის დღეს დილით თბილისში შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს, აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. კერი საქართველოს 6 ივლისს ეწვია და შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. გუშინვე თბილისში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია. მისი დასრულების შემდეგ კვირიკაშვილმა და კერიმ ხელი მოაწერეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმებს. დღეს კიევში ვიზიტის შემდეგ, ჯონ კერი ჩავა ვარშავაში, სადაც 8-9 ივლისს გაიმართება ნატოს სამიტი.

XS
SM
MD
LG