Accessibility links

logo-print

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, ერთიანი პოლიტიკური კურსი აწარმოონ რუსეთის მიმართ


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, ერთიანი პოლიტიკური კურსი აწარმოონ რუსეთის შეკავებისა და მასთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოების საკითხში. შაბათს ვარშავაში, ნატოს სამიტის მეორე დღეს, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ალიანსის 28-ვე ქვეყნის ლიდერებს ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ ამ საკითხში. მან კომენტარი გაუკეთა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის გუშინდელ გამონათქვამს იმის თაობაზე, რომ რუსეთი საფრთხეს კი არ წარმოადგენს, არამედ პარტნიორია. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი არ გახდა სტრატეგიული პარტნიორი, რასაც ესწრაფოდა ადრე ალიანსი, მაგრამ არც ცივი ომის კურსს დაბრუნებია. ამიტომ რუსეთი ნატოს წევრ არცერთ ქვეყანას არ უქმნის გარდაუვალ საფრთხეს, დასძინა მან. პარასკევს ნატოს სამიტზე მხარი დაუჭირეს აღმოსავლეთ ევროპაში ახალი სამხედრო შენაერთების განთავსებას, რაც პირდაპირი რეაქციაა რუსეთის რევანშისტულ პოლიტიკაზე და ალიანსის ყველაზე მკვეთრი ზომა ცივი ომის დასრულების შემდეგ. სტოლტენბერგის თქმით, ეს გადაწყვეტილება იქნება პასუხი მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერასა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე. სტოლტენბეგრმა დღესვე გამოაცხადა, რომ ნატოს შემდეგი სამიტი ბრიუსელში გაიმართება 2017 წელს.

XS
SM
MD
LG