Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში თავის რწმუნებულად დანიშნა


საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა. ამის პარალელურად, ქვეყნის პირველმა პირმა პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ კანდიდატურას მხარს დაუჭერს. „გუშინ საღამოს მე, მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა მომმართეს შესაბამისი განცხადებით, რომელიც დავაკმაყოფილე და კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის გზით, აჭარაში დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია. დღეს დილას, მყისიერად ამ დანიშვნისთანავე, მე დავიწყე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან ხსენებული კანდიდატის - ზურაბ პატარაძის წარდგენასთან დაკავშირებით. ახლა უკვე შესაბამისი წარდგინება გადაგზავნილია აჭარის უმაღლეს საბჭოში. წარმოებული კონსულტაციების შედეგად, მე მაქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ კანდიდატურას, რომელიც არის გავლილი ფრაქციებთან და რომელიც წარდგენილ იქნა კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. ის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

XS
SM
MD
LG