Accessibility links

აშშ-ის კონგრესის კომიტეტმა გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტი 11 სექტემბრის ტერაქტების შესახებ


აშშ-ის კონგრესის კომიტეტმა გამოაქვეყნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ოფიციალური ანგარიშის საიდუმლო ნაწილი. ამ ნაწილში ლაპარაკია იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა თვითმფრინავების გამტაცებლებს კონტაქტი საუდის არაბეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. დოკუმენტის გამოქვეყნება მოხდა წლების შემდეგ მას მერე, რაც ზოგიერთი კანონმდებელი და დაზვერვის სამსახურის ყოფილი წარმომადგენლები ეჭვობდნენ, რომ ეს კავშირი ტერორისტებს და საუდის არაბეთის წარმომადგენლებს შორის უფრო მჭიდრო იყო, ვიდრე ამას ვაშინგტონის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აღიარებდნენ. დოკუმენტს მოჰყავს იმ პირების გვარები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ თვითმფრინავის გამტაცებლებთან სანამ ისინი თავდასხმებს განახორციელებდნენ. დოკუმენტში ამოიკითხავთ იმ პირების ვინაობასაც, ვინც მათ ეხმარებოდა საბანკო ანგარიშების გახსნაში, ბინების დაქირავებაში და თვითმფრინავის მართვის უფლების მოპოვებაში. 11 სექტემბრის ტერაქტების დროს თვითმფრინავების 19 გამტაცებელს შორის 15 საუდის არაბეთიდან იყვნენ. ზოგიერთ მათგანი არ ლაპარაკობდა ინგლისურად და დასავლეთში ცხოვრების მცირე გამოცდილება ჰქონდა. საუდის არაბეთის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტების გამოქვეყნებით, ბოლო მოეღება ეჭვს, რომ საუდის არაბეთის ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ თავდასხმების დაგეგმვაში.

XS
SM
MD
LG