Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი სიენენს: ქვეყანას კვლავ მე ვმართავ


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სიენენისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანას კვლავ ის მართავს და სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩახშობილ იქნება. მან მოქალაქეებს მოუწოდა ქუჩაში გავიდნენ მთავრობის მხარდასაჭერად. "დარწმუნებული ვარ, გადატრიალების დამგემავები წარმატებას ვერ მოიპოვებენო", უთხრა მან სიენენის თურქულენოვან არხს 16 ივლისს, დილით ადრე, მობილური ტელეფონით მიცემულ ინტერვიუში. ცოტა ხნით ადრე თურქეთის არმიამ განაცხადა, რომ მთლიანად დაამყარა კონტროლი ქვეყანის მართვაზე იმისთვის, რომ დაცულ იქნეს დემოკრატიულ წესრიგი და ადამიანის უფლებები. განცხადება გაავრცელა დოგანის ახალი ამბების სააგენტომ და გადასცა თურქეთის ტელევიზიამ 15 ივლისს გვიან ღამით. განცხადებაში ასევე წერია, რომ თურქეთის საგარეო ურთიერთობები მთლიანად იქნება შენარჩუნებული და პრიორიტეტი იქნება კანონის უზენაესობა. სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ სამხედროებმა საგანგებო წესები და კომენდატის საათი შემოიღეს. ანადოლუს სახელმწიფო სააგენტო იტყობინება ამის ფონზე, რომ თურქეთის არმიის მაღალი რანგის პირები აიყვანეს მძევლად სტამბოლში, მათ შორის არის სამხედრო შტაბის უფროსი. უფრო ადრე, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთის არმიის ერთმა ნაწილმა ქვეყანაში თვითნებურად მოქმედება დაიწყო. NTV-ს მოჰყავდა ილდირიმის სიტყვები, რომ საქმე გვაქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. როიტერსის თანახმად, პრემიერი თვლიდა, რომ არასწორია უწოდო ამას გადატრიალება, ეს უფრო მცდელობააო. თურქეთის პრემიერის სიტყვები მოჰყვა ცნობებს, რომ სამხედრო თვითმფრინავები და შვეულმფრენები მოძრაობდნენ დედაქალაქ ანკარის თავზე. ამ სააგენტოს ცნობით, ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, როცა თვითმფრინავი დაბლა დაფრინავდა. თურქეთის უშიშროების ძალებმა ნაწილობრივ დაკეტა სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე არსებული ორივე ხიდის ნაწილი, რომლებიც ევროპას და აზიას აკავშირებს. NTV-მ აჩვენა კადრები, როგორ არიან განთავსებული ტანკები სტამბოლის ათათურქის აეროპორტში. აეროპორტებში მიმოსვლა შეჩერებულია.

XS
SM
MD
LG