Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა


თურქეთში სამხედრო გადატრიალება ხდება. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სი-ენ-ენი-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანას კვლავ ის მართავს და სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩახშობილ იქნება. მან მოქალაქეებს მოუწოდა ქუჩაში გავიდნენ მთავრობის მხარდასაჭერად. "დარწმუნებული ვარ, გადატრიალების დამგემავები წარმატებას ვერ მოიპოვებენო", უთხრა მან სი-ენ-ენის თურქულენოვან არხს 16 ივლისს, დილით ადრე, მობილური ტელეფონით მიცემულ ინტერვიუში. ცოტა ხნით ადრე თურქეთის არმიამ განაცხადა, რომ მთლიანად დაამყარა კონტროლი ქვეყანის მართვაზე იმისთვის, რომ დაცულ იქნეს დემოკრატიულ წესრიგი და ადამიანის უფლებები. განცხადება გაავრცელა დოგანის ახალი ამბების სააგენტომ და გადასცა თურქეთის ტელევიზიამ 15 ივლისს გვიან ღამით. განცხადებაში ასევე წერია, რომ თურქეთის საგარეო ურთიერთობები მთლიანად იქნება შენარჩუნებული და პრიორიტეტი იქნება კანონის უზენაესობა. სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ სამხედროებმა საგანგებო წესები და კომენდატის საათი შემოიღეს. ანადოლუს სახელმწიფო სააგენტო იტყობინება ამის ფონზე, რომ თურქეთის არმიის მაღალი რანგის პირები აიყვანეს მძევლად სტამბოლში, მათ შორის არის სამხედრო შტაბის უფროსი. უფრო ადრე, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთის არმიის ერთმა ნაწილმა ქვეყანაში თვითნებურად მოქმედება დაიწყო. NTV-ს მოჰყავდა ილდირიმის სიტყვები, რომ საქმე გვაქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. როიტერსის თანახმად, პრემიერი თვლიდა, რომ არასწორია უწოდო ამას გადატრიალება, ეს უფრო მცდელობააო. თურქეთის პრემიერის სიტყვები მოჰყვა ცნობებს, რომ სამხედრო თვითმფრინავები და შვეულმფრენები მოძრაობდნენ დედაქალაქ ანკარის თავზე. ამ სააგენტოს ცნობით, ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, როცა თვითმფრინავი დაბლა დაფრინავდა. თურქეთის უშიშროების ძალებმა ნაწილობრივ დაკეტა სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე არსებული ორივე ხიდის ნაწილი, რომლებიც ევროპას და აზიას აკავშირებს. NTV-მ აჩვენა კადრები, როგორ არიან განთავსებული ტანკები სტამბოლის ათათურქის აეროპორტში. აეროპორტებში მიმოსვლა შეჩერებულია.

ანალიტიკოსების თანახმად, ერდოანი უკვე რა ხანია მიიჩნევს არმიას თავის სახიფათო მეტოქედ. ბოლო თვეებში მან თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები განზე გასწია და სამხედრო სარდლობამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა პრეზიდენტის პოლიტიკის გატარებაში. ამან მოუტანა შესაძლებლობა არმიას, კვლავ გამხდარიყო მნიშვნელოვანი მოთამაშე ქვეყნის პოლიტიკაში ერდოანის გვერდზე. თურქეთის არმიამ 1960 წლის შემდეგ ოთხჯერ მოახერხა გადატრიალების გზით სამოქალაქო ხელისუფლების ადგილის დაკავება. მაისში ერდოანმა მაშინდელი პრემიერის, აჰმეთ დავუთოღლუს ხელისუფლებისგან ჩამოშორება მოახერხა და მის ადგილას დასვა ილდირიმი, რომელიც ერდოანის „სამართლიანობის და განვითარების“ პარტიის წევრია.

მას მერე, ზოგიერთი ყოფილი სამხედრო ოფიცერი და უსაფრთხოების საკითხთა ანალიტიკოსი გაფრთხილებით გამოდიოდნენ, რომ თურქეთის არმიაში იყვნენ ძალები, რომლებსაც ერდოანის მზარდი ძლიერების შეჩერება სურდათ იმგვარი სისტემის შემოღებით, რომელიც საპრეზიდენტო და სხვა ძალაუფლების გაწონასწორებას მოიტანდა. თურქეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობაზე სპეკულაციები ვრცელდებოდა მარტის ბოლოს, თანამდებობიდან დათუოღლუს გადაყენებამდე.

XS
SM
MD
LG