Accessibility links

კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, თურქეთში დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას საფრთხე არ შეექმნას


თბილისში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე იმსჯელეს საფრთხეებზე, რომლებიც თურქეთში შექმნილი სიტუაციიდან საქართველოსთვის შეიძლება მომდინარეობდეს. სხდომის მონაწილეებმა განიხილეს ვითარება საზღვრებზე და გააანალიზეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულ განვითარებასა და დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას საფრთხე არ შეექმნას“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის შემდეგ. მისი თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და იქ სტაბილურობის შენარჩუნება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერმა დასძინა, რომ სამხედრო გადატრიალებები მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. „დილამდე დავაკვირდებით ვითარებას. ჯერჯერობით, ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თურქეთის მიმართულებით, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ. საჰაერო საზღვარიც ამ წუთისთვის ჩაკეტილია, იქიდან გამომდინარე, რომ ფრენები არ ხორციელდება. დილით, სავარაუდოდ, კიდევ გვექნება შეხვედრა და, ოპერატიული ინფორმაციიდან გამომდინარე, გავაკეთებთ კორექტირებას ამ სიტუაციაში“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 15 ივლისს, გვიან ღამით, თურქეთის არმიამ განაცხადა, რომ მთლიანად დაამყარა კონტროლი ქვეყნის მართვაზე. პრემიერმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, თავის მხრივ, უარყო ეს მტკიცება და თქვა, რომ ქვეყანას ის მართავს.

XS
SM
MD
LG