Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში გრძელდება მოლაპარაკებები შეიარაღებულ თავდამსხმელებთან


სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები განაგრძობენ მოლაპარაკებებს იმ შეიარღებულ ჯგუფთან, რომელსაც ერევნის პოლიციის ერთ-ერთი ქვეგანყოფილება აქვთ დაკავებული და მძევლად ჰყავთ აყვანილი ექვსი პირი. სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გენერალ უნან პოღოსიანის თქმით, ხელისუფლება, არ აპირებს თავდამსხმელების მოთხოვნების შესრულებას. „ჩვენ მათ გავანადგურებთ, თუ არ დაგვიჯერებენ და იარაღს არ დაყრიან, რადგან მკვლელებთან სხვა ენაზე საუბარი შეუძლებელია“, - განაცხადა გენერალმა. სომხეთის ოპოზიციურად განწყობილი შეიარაღებული ჯგუფი ერევნის პოლიციის ერებუნის რაიონულ ქვეგანყოფილებაში შეიჭრა, რასაც შედეგად მოჰყვა ორმხრივი სროლა. 17 ივლისის დილით სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სროლისას პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო ორი - დაიჭრა. მოგვიანებით სომხეთის უშიშროების უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვენ ოპოზიციური დაჯგუფება „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერის, გასულ თვეში დაპატიმრებული ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას. ჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვარუჟან ავეტისიანმა კი გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, „მათ დაიწყეს ამბოხება, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა“. პოლიციას ალყაში ჰყავს მოქცეული შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებული პოლიციის შენობა. შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან იარაღის დაყრისა და მძევლების გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ სომხეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG