Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ხელისუფლებამ უარყო შეიარაღებული ჯგუფის მოთხოვნები


სომხეთის ხელისუფლებამ უარი თქვა იმ შეიარაღებული ჯგუფის მოთხოვნათა შესრულებაზე, რომელსაც დაკავებული აქვს ერევნის პოლიციის ერთ-ერთი ქვეგანყოფილება და მძევლად ჰყავს აყვანილი ექვსი პირი. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკება, რომელიც თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, უშედეგოდ დამთავრდა. უშიშროების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა მოუწოდეს თავდამსხმელებს, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს.სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გენერალ უნან პოღოსიანის თქმით, „ჩვენ მათ გავანადგურებთ, თუ არ დაგვიჯერებენ და იარაღს არ დაყრიან, რადგან მკვლელებთან სხვა ენაზე საუბარი შეუძლებელია.“ 17 ივლისის, დილით, სომხეთის ოპოზიციურად განწყობილი შეიარაღებული ჯგუფი ერევნის პოლიციის ერებუნის რაიონულ ქვეგანყოფილებაში შეიჭრა, რასაც შედეგად მოჰყვა ორმხრივი სროლა. დაიღუპა პოლიციის ერთი თანამშრომელი, კიდევ ორი - დაიჭრა. თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვენ ოპოზიციური დაჯგუფება „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერის, გასულ თვეში დაპატიმრებული ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას. ჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვარუჟან ავეტისიანმა კი გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, „მათ დაიწყეს ამბოხება, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა.“

XS
SM
MD
LG