Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა აშშ-ში


აშშ-ში გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტისას თინა ხიდაშელი კონსულტაციებს გამართავს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში. ვიზიტის მიზანია დაიწყოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულება. ამ დოკუმენტს ხელი 6 ივლისს მოეწერა თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტისას. „დიდი იმედი მაქვს, ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მოვახერხებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებები და ჩვენი ქვეყნის ინტერესები სრულად იყოს დასახული“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა აშშ-ში გამგზავრების წინ. თავდაცვის მინისტრის თქმით, მემორანდუმით გათვალისწინებულია ახალი პრიორიტეტი, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვა, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. „ამ პროცესში შეიარაღებული ძალები უნდა გაძლიერდეს იმ ამოცანებისთვის, რომლებსაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ემსახურება. ეს იქნება გრძელი, მაგრამ ფუნდამენტური მუშაობა იმისათვის, რომ დოკუმენტი სრულყოფილი სახით მივიღოთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. ვაშინგტონში დაგეგმილია აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაც, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და თავდაცვის მინისტრის თანაშემწეები უილიამ მონაჰენი და მაიკლ კარპენტერი დასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია. კომისიის სხდომის დღეს წესრიგშია ოკუპირებული ტერიტორიების, კონტრტერორიზმის, საზღვაო უსაფრთხოების, კრიზისების მართვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები.

XS
SM
MD
LG