Accessibility links

ერევანში მეორე დღეა გრძელდება დაპირისპირება პოლიციის განყოფილებასთან


ერევანში მეორე დღეა, გრძელდება დაპირისპირება შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცველებს შორის. შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც ოპოზიციურ ჯგუფ „დამფუძნებელ პარლამენტთან“ დაკავშირებულად ითვლებიან, გუშინ დაამყარეს კონტროლი ერევნის პოლიციის განყოფილებაზე მას შემდეგ, რაც მთავრობამ უარყო მათი მოთხოვნა დაპატიმრებული ლიდერის გათავისუფლების შესახებ. ოფიციალური პირების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა 17 ივლისის დილას ერებუნის პოლიციის განყოფილებაში შეჭრის დროს მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი და დაჭრეს კიდევ ოთხი პოლიციელი. თავდამსხმელებს აყვანილი ჰყავთ მძევლები, რომელთა რაოდენობასაც არ ასახელებენ. უშიშროების ეროვნული სამსახური თავდამსხმელებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდებს. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები წუხელ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ შეიარაღებულ პირებთან, მაგრამ ვერ შეძლეს დაპირისპირებისათვის ბოლოს მოღება. თავდამსხმელებმა გაავრცელეს განცხადება, რომლითაც მოითხოვენ, გათავისუფლებულ იქნეს მათი ლიდერი ჟირაირ სეფილიანი - ოპოზიციონერი, რომელიც სომხეთში გასულ თვეში დააკავეს იარაღის ფლობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG