Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დააწესებს „უმკაცრეს სანქციებს“ რუსეთში დოპინგის გამო


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსეთში დოპინგის მოხმარების მიჩქმალვა, რომელიც 18 ივლისს გამოააშკარავა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ, ცხადჰყოფს „შოკისმომგვრელ და უპრეცედენტო თავდასხმას წესების დაცვაზე სპორტში და ოლიმპიურ თამაშებზე“ და ოლიმპიური კომიტეტი მზად არის დააწესოს მის განკარგულებაში არსებული „უმკაცრესი სანქციები“. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, კომიტეტი ახლა გულდასმით შეისწავლის „კომპლექსურ და დეტალურ ბრალდებებს, განსაკუთრებით, რუსეთის სპორტის სამინისტროსთან მიმართებით“. ეს გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო ანტისადოპინგოს სააგენტოს დავალებით ჩატარებული გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას. ანგარიშში თავმოყრილია სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი ათლეტების მიერ სახელმწიფოს მხარდაჭერით დოპინგის გამოყენების დამამტკიცებელი მასალა. ანგარიში, რომელიც მოამზადა კანადელი იურისტის, რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით მომუშავე კომისიამ, 18 ივლისს წარმოადგინეს ტორონტოში გამართულ პრესკონფერენციაზე. მაკლარენის კომისიამ დამოუკიდებლად მუშაობის შედეგად დაადგინა, რომ რუსეთში მოქმედებდა დოპინგზე შემოწმების პოზიტიური შედეგების „გაქრობის სისტემა“. რუსეთის სპორტის სამინისტრო აკონტროლებდა და მეთვალყურეობას უწევდა დოპინგზე შემოწმების შედეგების მანიპულაციას და სინჯების გაყალბებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აქტიური მონაწილეობით როგორც მოსკოვის, ისე სოჭის ლაბორატორიებში.

XS
SM
MD
LG