Accessibility links

logo-print

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით ენმ აჭარაში საარჩევნო კოდექსს არღვევს


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, დაინტერესდეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით, რომელიც ორგანიზაციის აზრით, შესაძლოა შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს. საქმე ეხება „სოციალური სახლების პროგრამას“, რომელსაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს ქალაქ ბათუმში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით ამ პროექტის ფარგლებში ლევან ვარშალომიძე, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთანდა იღებს ვალდებულებას, რომ ბათუმში ააშენებს მრავალბინიან სახლებს და მათ უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. ამასთანავე, ამომრჩევლის მოსყიდვა აკრძალული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. “მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებს, თავი შეიკავონ, ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ამომრჩევლის მხრიდან შეიძლება აღიქმებოდეს მათ მოსყიდვად”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

XS
SM
MD
LG