Accessibility links

logo-print

საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ დაასრულა ოფიციალური ვიზიტი თურქეთში


საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დაასრულა ოფიციალური ვიზიტი თურქეთში. გვიან ღამით, ის ანკარაში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი საკითხები. გიორგი კვირიკაშვილმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ისაუბრეს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაარსების მნიშვნელობასა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას ხელმოწერილი შეთანხმებების დროულად ამოქმედების აუცილებლობაზე. თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქი ხალხისადმი და გამოთქვა რწმენა, რომ სტაბილური და დემოკრატიული თურქეთი რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა რეჯეპ ტაიპ ერდოანს მადლობა გადაუხადა ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისთვის. 19 ივლისს თურქეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა, ბინალი ილდირიმმა და გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბების შეთანხმებას. საქართველოსა და თურქეთის მთავრობებმა ასევე გააფორმეს ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის, სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის და სოციალური დაცვის, დასაქმების და სასჯელაღსრულების სფეროებში თანამშრომლობის შეთანხმებები.

XS
SM
MD
LG