Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მთავრობამ ქვეყნიდან გამგზავრება აუკრძალა ყველა მეცნიერს


თურქეთის მთავრობამ ყველა მეცნიერს აუკრძალა ქვეყნიდან გამგზავრება ზომებთან დაკავშირებით, რომლებსაც მიმართავენ 15 ივლისის წარუმატებელი პუტჩის შემდეგ. თურქეთის განათლების უმაღლესმა საბჭომ 20 ივლისს გამოაცხადა, რომ აკრძალვა ძალაში დარჩება ამ საკითხზე შესაბამისი ცნობის გავრცელებამდე. 19 ივლისს კი უნივერსიტეტებში გადააყენეს 1577 დეკანი და ლიცენზია ჩამოართვეს კერძო სასწავლებლებში დასაქმებულ 21000-მდე მასწავლებელს. ეს ზომები მიმართულია აშშ-ში მყოფი მუსლიმი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის წინააღმდეგ. ანკარა სწორედ გიულენს აკისრებს პასუხისმგებლობას სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაზე. პუტჩის მცდელობამ 200-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. გიულენი, რომელიც აქტიურ მხარდაჭერას უწევს სასწავლებლებს თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, ბრალდებას უარყოფს და თვითონაც გმობს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ამასობაში, თურქეთის სატელეკომუნიკაციო სააგენტომ დაბლოკა ინტერნეტ-პორტალი „ვიკილიკსი“ მას შემდეგ, რაც მან თურქეთის მმართველი პარტიის ასიათასობით ელექტრონული წერილი გამოაქვეყნა. „ვიკილიკსი“ აცხადებს, რომ გამოქვეყნებულ მასალაშია პუტჩის მცდელობამდე გაგზავნილი წერილები და ინტერნეტში მათი გავრცელება გადაწყდა მკაცრი ზომების გამო, რომლებსაც მთავრობა ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავს. თურქეთში ბოლო დღეებში,სავარაუდოდ, 50 ათასამდე ჯარისკაცი, პოლიციელი, მოსამართლე, საჯარო მოსამსახურე და მასწავლებელი დაითხოვეს, ან დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG