Accessibility links

logo-print

ხატია დეკანოიძე: გამოძიება "ყველა ვერსიას" განიხილავს კიევში ჟურნალისტის დაღუპვასთან დაკავშირებით


უკრაინის პოლიციის უფროსის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კიევში ცნობილი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის დაღუპვასთან დაკავშირებით, გამოძიება განიხილავს „ყველა ვერსიას“, მათ შორის ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული თავდასხმის ვერსიასაც. ავტომანქანა, რომლითაც 44 წლის ჟურნალისტი მგზავრობდა, დღეს დილას კიევის ცენტრში აფეთქდა. დეკანოიძემ კიევში გამართულ პრეს-კონფრენციაზე აღნიშნა ასევე, რომ უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, საგანგებო დაცვა მიუჩინეს შერემეტის მეგობარ ქალს. „ვიცით, რომ შერემეტი შინიდან მანქანით მიდიოდა. აფეთქება მოხდა დილის 7:45 საათზე. ვაწარმოებთ ყველა მოწმის, ოჯახის წევრების, კოლეგების დაკითხვას“, განაცხადა დეკანოიძემ კიევში. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“, სადაც პაველ შერემეტი მუშაობდა, იუწყება, რომ მანქანა ეკუთვნოდა გამოცემის ხელმძღვანელს ელენა პრიტულეს, რომელიც აფეთქების მომენტში მანქანაში არ იჯდა. შერემეტი ბელორუსი იყო და ბოლო ხუთი წელი კიევში მუშაობდა ჟურნალისტად. ის თანამშრომლობდა ბელორუსიის და რუსეთის მედიასთანაც. პაველ შერემეტი მიჩნეული იყო სიტყვის თავისუფლების ერთგულ, სიმართლის მთქმელ ჟურნალისტად. 1997 წელს ის ბელორუსიაში დააპატიმრეს, გავრცელებული შეფასებით, პოლიტიკური მოტივით.

XS
SM
MD
LG