Accessibility links

logo-print

თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა


თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ბრძანებით 21 ივლისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა . „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანი ისაა, რომ სასწრაფო და ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგათ იმ საფრთხის აღმოსაფხვრელად, რაც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, მოქალაქეთა თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს დაემუქრა“, - განაცხადა სატელევიზიო მიმართვის დროს რეჯეპ ტაიპ ერდოანმა. პარალელურად თურქეთში გრძელდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა სამართლებრივი დევნა. თურქეთმა ოფიციალურად წაუყენა ბრალდებები არმიის 99 გენერალს 15 ივლისის პუტჩის მცდელობაში შესრულებული როლისათვის. ბრალდებულები თურქეთის სამხედრო ელიტის მესამედს შეადგენენ. სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დააკავეს, ან სამსახურებიდან დაითხოვეს სულ 50 ათასამდე ჯარისკაცი, პოლიციელი, მოსამართლე, საჯარო მოსამსახურე და მასწავლებელი. ბევრია ეჭვმიტანილი პუტჩის ორგანიზატორად მიჩნეულ სასულიერო პირთან, აშშ-ში მყოფ ფეტულა გიულენთან კავშირში. თუმცა თავად გიულენი კატეგორიულად უარყოფს პუტჩთან კავშირის ბრალდებას. ასევე 20 ივლისს თურქეთის მთავრობამ ყველა მეცნიერს აუკრძალა უცხოეთში გამგზავრება პუტჩის მცდელობის შემდეგ მიღებულ ზომებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG