Accessibility links

logo-print

გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრა


ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმის მნიშვნელობას როგორც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების, ისე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით. ამ დოკუმენტს ხელი 6 ივლისს მოეწერა თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტისას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა თავდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ. ვაშინგტონში გამართულ სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამაზე, რომლის განხორციელებას აშშ მომავალი წლიდან დაიწყებს. სხდომის თანათავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და თავდაცვის მინისტრის თანაშემწეების მოადგილეები ბილ მონაჰანი და მაიკლ კარპენტერი. შეხვედრა გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG