Accessibility links

logo-print

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ უარყო რუსეთის მძლეოსანთა განაცხადი დისკვალიფიკაციის გაუქმების შესახებ


ლოზანაში გამართულმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს სხდომამ დაუშვებლად მიიჩნია რუსი მძლეოსნების მონაწილეობა 2016 წლის ოლიმპიადაში, რომელიც აგვისტოში რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. ამგვარად, ბოლო ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სარჩელი რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციის თაობაზე, რაც მანამდე მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაციების ასოციაციამ გამოიტანა. მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუს მძლეოსნებს ჩამოერთვათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. ამის მიზეზი გახდა, რუსეთის ანტიდოპინგურ ლაბორატორიებში მომხდარი მასობრივი და სისტემატური დარღვევები. მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაციების ასოციაციის სიაში მხოლოდ ორი რუსი ათლეტია - სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა და მორბენალი იულია სტეპანოვა, რომელთა ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ არის დამოკიდებული ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

XS
SM
MD
LG