Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს


თურქეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეების საყურადღებოდ გაავრცელა სპეციალური განცხადება. მასში ნათქვამია, რომ 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის ხელისუფლებას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს შეზღუდვები. მათ შორის, აკრძალოს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა და ქვეყნიდან გასვლა, ქუჩებში გადაადგილება და ტრანსპორტით თავისუფლად მიმისვლა, განახორციელოს პირთა პირადი ნივთების და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება და კონფისკაცია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი დაცალკეულ რეგიონში შესასვლელად დააწესოს სპეციალური საშვები. „თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები: სარფი, ვალე და კარწახი მუშაობენ საგანგებო რეჟიმით, ხოლო რაც შეეხება ავიამიმოსვლას, უსაფრთხოებისა და კონტროლის გამკაცრებული ზომებიდან გამომდინარე, აუცილებელია მგზავრები აეროპორტებში გამოცხადდნენ 5-6 საათით ადრე“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG